დაკარგული ქულა.
თბილისი. “დინამოს” სტადიონი. 30 აგვისტო.
“დინამო” (თბილისი) — “არარატი” (ერევანი) 2:2 (1:0).
“არარატი”: სავჩენკო, სეროფიანი, მანტარლიანი, კოვალენკო, ბაბაიანი (გრიგორიანი), ბეგლარიანი, ოვსებიანი, ოვივიანი, ანტონიანი, ოგანესიანი, სუპრიკიანი.
“დინამო”: კოტრიკაძე, სიჭინავა, ხურცილავა, ჩოხელი, ზეინკლიშვილი, იამანიძე, დათუნაშვილი, მეტრეველი, კალოევი, ბარქაია, მესხი.
მსაჯი ვ. ოსიპოვი (მოსკოვი).
ერევნელთა მაქსიმალური საბრძოლო განწყობილება გუშინელი მატჩისათვის სავსებით გასაგებია. გუნდი იმ სახიფათო ადგილზე იმყოფება, რომლის პერსპექტივა გაისად “ა” კლასის II ქვეჯგუფში გადასვლაა, მაგრამ ერევნელების საქმე არც ისე უიმედოა, ვინაიდან 3-4 გუნდს თანაბარი შანსები აქვს დააღწიოს თავი “მინირებულ” ზონას და შეაფაროს თავი მხსნელ მე-15 ადგილს, რაც თავისთავად ნიშნავს უძლიერეს ლიგაში დარჩენას.
საამისოდ “არარატისათვის” უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს თვითეულ ქულას და იგიც მთელი თავისი ძალებით იბრძვის მისი მოპოვებისათვის. ასე იბრძოლეს ერევნელებმა გუშინ და დიდ წარმატებასაც მიაღწიეს: მათს აქტივში ახლა 16 ქულაა.
მაგრამ არანაკლებ (თუ მეტად არა) ჭირდებათ ქულები თბილისელებს. ახლა, როცა დღის წესრიგში რეალურად დგას ჩემპიონობის მოპოვების საკითხი და განსხვავება ერთპიროვნულ ლიდერთან მხოლოდ ერთადერთ ქულას შეადგენდა, უკან დასახევი გზა აღარაა. თვითეული დარჩენილი მატჩი უნდა დაიგეგმოს, როგორც აუცილებლად მოსაგები, მითუმეტეს, როცა საქმე გაქვს აუტსიდერთან და ისიც საკუთარ მინდორზე.
და აი ეს ქულა დაიკარგა სწორედ აუტსაიდერთან და სწორედ საკუთარ მინდორზე…
ერევნელთა კარის პირველი მოსინჯვა მოახდინეს მესხმა და იამანიძემ, შემდეგ მეტრეველი გავიდა თავის ფლანგზე და ზედ კართან მიაწოდა ბარქაიას, მაგრამ არც ეს მომენტი იქნა გამოყენებული.
მე-14 წუთზე “არარატის” კართან მოწოდებულ იქნა კუთხური. ბურთი მიიღო ბარქაიამ, წამით შეაჩერა, მოასწრო მისი გასწორება ძნელ სიტუაციაში და ზუსტად გაგზავნა მარჯვენა მაღალ კუთხეში — 1:0.
ყველაფერი ლოგიკურად მიმდინარეობდა. დინამოელები თამაშობდნენ სწრაფ ტემპში, აგრესიულად და ამბავთა მსვლელობას მათთვის მალე მეორე წარმატებაც უნდა მოეტანა: სულ რაღაც ერთი წუთის განმავლობაში სტუმრების კართან შეიქმნა ორი მომენტი, როცა გოლი თითქოს გარდაუვალი იყო, მაგრამ თითქმის მთელი “არარატი” ჩადგა კარის დასაცავად და დაიცვა კიდეც იგი. ოვსეპიანმა და სეროფიანმა ზედ კარის ხაზიდან გამოიტანეს ორჯერ უიმედო ბურთი, ხოლო 35-ე წუთზე მეკარე სავჩენკო კიდევ ერთხელ იყო მოწმე იმისა, რომ მის საქმეს კარში მცველები ასრულებდნენ. ასეთმა თავგანწირვამ ერევნელთა გუნდი არა მარტო გადაარჩინა გოლს, არამედ საშუალება მისცა გაეთანაბრებინა თამაში და იერიშიც დაეწყო. იბრძოდა ყველა, კოლექტივის თვითეული წევრი, მაშინ, როცა დინამოელთა შორის თანდათან გაჩნდა ბზარი. მარჯვენა ფრთაზე მთლიანად ჩაქრა შეტევა, ვინაიდან თვითეული გარღვევა აქ მარცხით მთავრდებოდა. კალოევი სისტემატურად კარგავდა ყოველ ბურთს, რომელიც მისკენ იყო გაგზავნილი. ამის შედეგად, თავდასხმას ფაქტიურად შემორჩა მხოლოდ ორი ნამდვილი, სარგებლიანი მოთამაშე — ბარქაია და მესხი. ეს კი ცოტაა გაძლიერებულ დაცვასთან საბრძოლველად.
კიდევ უფრო გაუარესდა თბილისელთა თამაში მეორე ტაიმში. მას შემდეგ, რაც კოტრიკაძისა და ხურცილავას შეუთანხმებელი მოქმედების შეეგად ოვივიანმა შეძლო საპასუხო ბურთის გატანა, გუნდს პირვანდელი გეგმიდან თითქმის აღარაფერი შემორჩა და ბრძოლა უკვე მიმდინარეობდა ცალკეულ მოთამაშეთა ინიციატივის ან განწყობილების მიხედვით. ვერაფრით ვერ ააწყო თამაში მეტრეველმა, მესხამდე იშვიათად აღწევდა ბურთი, კალოევის ზონაში კვლავინდებურად იკარგებოდა გადაცემები. ძალზე ქაოტურად ითამაშეს ნახევარმცველებმა. იამანიძესა და დათუნაშვილს აბსოლუტურად არ ჰქონდათ კონტაქტი ერთმანეთს შორის და თავდასხმაში მათი მონაწილეობა “პარტიზანულ” გამოხდომებს უფრო ჰგავდა, ვიდრე გეგმაზომიერ, ჩაფიქრებულ მოქმედებას.
ხსნა თითქოს გამოჩნდა მე-20 წუთზე. მარჯვნიდან მოწოდებული ბურთი ბარქაიამ კარისკენ მოატრიალა, მას ფეხით შეუცვალა მიმართულება მესხმა და “არარატის” ბადეში მეორე გოლი აღმოჩნდა. ასეთ ძნელ, აუწყობელ თამაშში ამ ბურთს გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა თბილისელთათვის, გუნდს უნდა შეეტანა დამაჯერებლობა და სიმშვიდე თავის რიგებში, მაგრამ დინამოელებმა ვერ შეძლეს გამოეყენებინათ თუნდაც ეს უკანასკნელი შანსი. მათ საამისოდ არ აღმოაჩნდათ სათანადო საბრძოლო თვისებები და სიმტკიცე. საჭირო იყო მთელი ძალების ჩაქსოვა ბრძოლაში და ეს ამოცანა უკეთ შეასრულეს ერევნელებმა. “არარატმა” მოახდინა მოთამაშეთა გადაჯგუფება, წინა ხაზზე გადმოიყვანა ნახევარდაცვა და დაიწყო ხანგრძლივი შეტევა. 29-ე წუთზე “დინამოს” კართან მოწოდებულ იქნა ბურთი. კოტრიკაძემ დაუშვა მიუტევებელი შეცდომა, ნახტომში ხელიდან გაუშვა ბურთი და ანტონიანმნა მეორედ და საბოლოოდ გაათანაბრა ანგარიში — 2:2. დაიკარგა ჩვენი გუნდისათვის უაღრესად საჭირო ქულა.
თბილისის “დინამოსა” და ერევნის “არარატის” დუბლშემადგენლობათა მატჩი მოიგეს თბილისელებმა — 5:2.
რ. ქორიძე.